UNWTO-ს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
UNWTO-ს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ

პორტუგალიაში ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად დასრულდა. გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართული  ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, კონფერენციის მონაწილეებს ქართული ღვინის წარმოების კულტურა და ღვინის ტურიზმის პოტენციალი გააცნო.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სხვადახვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ეტაპებზე და ხელშეწყობის იმ მექანიზმებზე, რომელთაც მთავრობა კერძო სექტორის მიმართ იყენებს.

„ჩვენ დავასრულეთ მონაწილეობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რიგით მეხუთე ღვინის საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, დატვირთული, საინტერესო ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მინისტერიალის ფარგლებში გვესაუბრა საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალზე, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ შესაძლებლობა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ჩასატარებლად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პირდაპირი რეისების მოლაპარაკებისთვის. საქართველოს მონაწილეობა ასეთი მაღალი რანგის ღონისძიებაში,   ხელს უწყობს როგორც ტურიზმის პოპულარიზაციას და განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, არამედ დადებითად აისახება ღვინის ინდუსტრიის განვითარებაზე ქვეყანაში და ასევე შემდგომ შესაძლო ექსპორტზე ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და აქტიური დისკუსიები ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე განხილულ იქნა პროდუქტის სწორად ფორმირების გზები, მათ შორის კომბინაცია გასტრო ტურიზმთან და როგორ უნდა მოხდეს ამ ტურისტული პროდუქტის ეფექტური პოზიციონირება   საერთაშორისო ბაზარზე,“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილმა.

კონფერენციაზე განხილული იყო ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა, კოვიდპანდემიის პირობებში უსაფრთხო ტურიზმის აღდგენა და გლობალური გამოწვევები.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი