უნითი დოუ - საქართველოს ვაფასებ და ჩემთვის პატივია, ვიმყოფებოდე ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყანაში
უნითი დოუ - საქართველოს ვაფასებ და ჩემთვის პატივია, ვიმყოფებოდე ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყანაში

ჩემთვის პატივია, ვიმყოფებოდე ​ხანგრძლივი ტრადიციებისა და ძველი ენის, ღვინის წარმოების 8 000-წლიანი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, – ამის შესახებ ​ბოტსვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, უნითი დოუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უნითი დოუს თქმით, ბოტსვანასა და საქართველოს კარგად ესმით, რომ თითოეული ქვეყნის ხმა მნიშვნელოვანია. ამასთან, მისივე განცხადებით, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ისეთ სამყაროში უნდა ცხოვრობდნენ, სადაც პატარა ქვეყნებსაც აქვთ თავისი სათქმელი.

„ძალიან დიდი სიამოვნება და პატივია, ვიმყოფებოდე ასეთი ხანგრძლივი ტრადიციებისა და ძველი ენის, ღვინის წარმოების 8 000-წლიანი ტრადიციების მქონე ქვეყანაში. საქართველოს ვაფასებ, ასევე მაღალი დონის შეფასებას ვაძლევ დისკუსიებს და თქვენს თბილ სიტყვებს. ბოტსვანასა და საქართველოს კარგად ესმით, რომ თითოეული ქვეყნის ხმა მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ქვეყანა მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა რამდენად მდიდარია და რამდენად პატარაა. რაც შეეხება გასული წლის შეთანხმებას, შემიძლია ჩემი მთავრობის სახელით გითხრათ, რომ ჩვენ ურთიერთობებს იმით ვაღრმავებთ, რომ პოლიტიკურ ურთიერთობებს ვცდებით, კულტურას, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და განათლებას მივმართავთ. როდესაც აღნიშნული სექტორები ერთმანეთს ერწყმის, ურთიერთგაგების ხმების ქსელს ვიღებთ. ბოტსვანაში არსებობს რწმენა, რომ საკმარისი არ არის ქვეყანა მხოლოდ თავის რეგიონში ჩაიკეტოს. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი გაუწოდოს სხვა ქვეყნებს ოკეანეების გადაღმა. გვესმის, რომ უფლებები და მოვალეობები გვაქვს, რათა მსოფლიოს განვითარებაში წვლილი შევიტანოთ. უფლება და ვალდებულება გვაქვს, ჩვენი სამეზობლოდან გამოვიდეთ და გაცილებით მეტი გავაკეთოთ. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი რაც ხელისუფლებაში მოვიდა, გასულ წელს არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში ჩადიოდა, არამედ ბოტსვანადან მოშორებით, რადგან მსოფლიო ითხოვს, ჩვენ ერთად იმუშაოს. ჩვენი შვილები და შვილიშვილები ისეთ სამყაროში უნდა ცხოვრობდნენ, სადაც მცირე ქვეყნებსაც თავისი სათქმელი აქვთ“, – განაცხადა უნითი დოუმ.

უნითი დოუ საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბოტსვანის დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას.

ამასთან, უნითი დოუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ბოტსვანის დელეგაცია ასევე მოინახულებს წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასა და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას.

დატოვე კომენტარი