UNICEF - თბილისში მოქმედებს სექტისმაგვარი დაჯგუფება, ცნობილი როგორც „მორგის ბავშვები“
UNICEF - თბილისში მოქმედებს სექტისმაგვარი დაჯგუფება, ცნობილი როგორც „მორგის ბავშვები“

თბილისში არსებობს სექტისმაგვარი დაჯგუფება, ცნობილი როგორც „მორგის ბავშვები“, რომელიც მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. ამის შესახებ ნათქვამია კვლევის „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში“ ანგარიშში, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მოამზადა და რომლის პრეზენტაციაც „ექსპო-ჯორჯიაში“იმართება .

კვლევის თანახმად, დაჯგუფების ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, ბავშვების ჯგუფში მიზიდვა ხდება როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ, მიღებისას კი გარკვეული რიტუალები ტარდება.

„დაჯგუფების ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან“, – ნათქვამია კვლევაში.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით“,-ნათქვამია კვლევაში.

ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით, კვლევაში სხვა პრობლემებიცაა მიმოხილული.

კერძოდ, ბავშვების მონაყოლზე დაყრდნობით, კვლევაში აღნიშნულია, რომ ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით, ბავშვების ჯგუფის დაკავების შემთხვევაში, პოლიციის ოფიცრები ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა, ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული თავის თავზე აიღონ. მოზარდები ვარაუდობენ, რომ ამ გზით პოლიციელები დოკუმენტაციის გაფორმებასა და ბავშვების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ შემდგომ სამუშაოს იცილებენ თავიდან.

კვლევის ავტორთა შეფასებით, არ არსებობს კოორდინირებული ძალისხმევა პოლიციისა თუ ქალაქის მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, მათი რეკომენდაციაა, ქალაქის მთავრობისა და პოლიციის მხრიდან კრიმინალურ საქმიანობაზე რეაგირება მოხდეს.

კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ევროკავშირთან, „ვორლდვიჟენთან“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან“, „კარიტას საქართველოსთან“, გაერო-ს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განხორციელდა.

ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად UNICEF-ი ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს. რეკომენდაციებს შორისაა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, მათი მშობლებისთვის გადაუდებელი დახმარების სპეციალური ფონდის ჩამოყალიბება, მათი დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.

პრეზენტაციას ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.