UNICEF საქართველო - საჯარო ბაღებში გადასახადის შემოღებამ შესაძლოა, ქვეყანაში უთანასწორობა გააღრმავოს
UNICEF საქართველო - საჯარო ბაღებში გადასახადის შემოღებამ შესაძლოა, ქვეყანაში უთანასწორობა გააღრმავოს

გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისი  პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამეტში გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ბაგა-ბაღები, შესაძლოა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ფასიანი გახდეს.

პრემიერის თქმით, მოსაფიქრებელია ბარიერი, თუ მოსახლეობის რა ნაწილისთვის გახდეს ბაღი ფასიანი.

აღნიშნულთან დაკავშირებით იუნისეფი აცხადებს, რომ ყველა ბავშვი, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ბავშვები, უნდა სარგებლობდენ უფასო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ადრეული და სკოლამდელი განათლებით.

„გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) კვლევების თანახმად, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასწრების გაზრდილი მაჩვენებლების მიუხედავად, საქართველოს ბავშვების თითქმის ნახევარს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე. უთანასწორობა განსაკუთრებით აისახება სოფლად და სიღარიბეში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებზე, რომელთა დასწრების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იუნისეფი შიშობს, რომ გადასახადების შემოღება კიდევ უფრო გააღრმავებს უთასწორობას ქალაქად და შეძლებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებსა და სოფლად და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

იუნისეფი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში განათლებას „გამათანაბრებელი“ პოტენციალიც აქვს და გადასახადების შემოღებამ შესაძლოა, საწინააღმდეგო დინამიკა შექმნას.

„ფასის დაწესებით, საჯარო ბაღებზე გავლენას მოახდენს საბაზრო ძალები, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საზოგადოების მდიდარ ფენას და გამორიცხავს უფრო ღარიბებს. კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ უზრუნველყოფს უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომ სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის და აწესებს ეროვნულ სტანდარტებს და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წესს. კანონის განხორციელებისთვის საჭიროა ამ სექტორში ინვესტიციების გაზრდა, მუნიციპალური ხელისუფლებების შესაბამისად გაძლიერება და ადრეული განათლების სფეროს მასწავლებლების მომზადებისა და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხარისხიანი სატრენინგო პროგრამების ძლიერი სისტემის შექმნა. გაეროს ბავშვთა ფონდი ადასტურებს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის განხორციელების მიზნით“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

როგორც გასულ კვირას, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ.