UNICEF - კონფლიქტების გამო 264 მილიონ ბავშვს განათლების მიღების საშუალება არ აქვს
UNICEF - კონფლიქტების გამო 264 მილიონ ბავშვს განათლების მიღების საშუალება არ აქვს

საბრძოლო მოქმედებისა და მიმდინარე კონფლიქტების გამო, მსოფლიოში 264 მილიონ ბავშვს საშუალო განათლება მიღებული არ აქვს, – ამ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი UNICEF აქვეყნებს.

უახლეს ანგარიშში წერია, რომ მსოფლიოს 24 განვითარებად ქვეყანაში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გახშირებულია სკოლებზე თავდასხმები, ექვსიდან 14-წლამდე 27 მილიონ ბავშვს საშუალება არ აქვს, სკოლაში ისწავლოს.

ანგარიშში მაგალითად მოყვანილია ნიგერია, სადაც რადიკალური ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი“ სკოლებს თავს ესხმის. ბოლო წლებში ბოკო ჰარამმა ნიგერიაში 1000-ზე მეტი სკოლა გაანადგურა და 2300-მდე მასწავლებელი მოკლა. 2014 წელს კი სკოლიდან 250 მოსწავლე გაიტაცა. ასევე ნახსენებია პაკისტანში მომხდარი ფაქტებიც – ტერორისტულ გაერთიანება თალიბანს თავდასხმის სამიზნედ სკოლები არაერთხელ შეურჩევია.

UNICEF-ის წარმომადგენელმა იურგენ გერაუსმა განაცხადა, რომ დღეს დონორი ორგანიზაციები ამ ქვეყნებში ბიუჯეტის 3,6%-ს განათლების მიმართულებით ხარჯავენ. მისი თქმით, ამ სფეროში გაცილებით მეტი თანხა – ყოველწლიურად 340 მილიარდი დოლარია საჭირო.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საერთშორისო ორგანიზაციებს განვითარებად ქვეყნებში, სადაც ზემოთ ხსენებული პრობლემები არსებობს, განათლების მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდა.