UNIAN - კიევში „კარვების ქალაქი" პოლიციამ ალყაში მოაქცია
UNIAN - კიევში „კარვების ქალაქი" პოლიციამ ალყაში მოაქცია

კიევში, ე.წ. კარვების ქალაქში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სპეცოპერაციის ფარგლებში 30 ადამიანი დააკავეს. შეტაკებები მოხდა ადგილზე მყოფ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაიწერა, რომ პოლიცია ოპერაციას კანონის სრული დაცვით ატარებს.

„სასამართლოს დადგენილების თანახმად, პოლიცია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მოქმედებს“ – დაწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა არტიომ შევჩენკომ სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე პოლიციამ ორი ხელყუმბარა აღმოაჩინა. უკრაინის საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ის ინფორმაციით, კარვების ქალაქი ალყაშია მოქცეული.

უკრაინის პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, ე.წ. კარვების ქალაქთან პოლიციის მანქანების გარდა, სასწრაფო დახმარების მანქანებიც გამოჩნდა.