უნგრული გამოცემა - ზივზივაძეს ვიცე-ჩემპიონი „ფეჰერვარი“ იწვევს
უნგრული გამოცემა - ზივზივაძეს ვიცე-ჩემპიონი „ფეჰერვარი“ იწვევს

უნგრული გამოცემა „csakfoci.hu“-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „მეზოკოვეშდის“ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთის ვიცე-ჩემპიონი „ფეჰერვარი“ (იგივე „ვიდეოტონი“) იწვევს.

„ჩვენი ვებგვერდისთვის ცნობილი გახდა, რომ „ფეჰერვარი“ შეიძლება გაძლიერდეს უნგრეთის თასის ფინალისტის, „მეზოკოვეშდის“ თავდამსხმელით. ჩვენი ცნობის მიხედვით, „ფეჰერვარის“ ზაფხულის პირველი სატრანსფერო შენაძენი, შესაძლოა, ბუდუ ზივზივაძე გახდეს“ – წერს უნგრული გამოცემა.

„csakfoci.hu” ზივზივაძის უნგრეთში გამოსვლას დადებითად აფასებს: „საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი „მეზოკოვეშდში“ გასული წლის აგვისტოში ჩაირიცხა და დიდი წვლილი მიუძღვის, გუნდი უნგრეთის თასის ფინალში რომ გავიდა და ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოდა“.

ბუდუ ზივზივაძეს „მეზოკოვეშდთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ გუნდის დატოვება კონტრაქტში ჩაწერილი საკომპენსაციო თანხის საფასურად შეუძლია. ზივზივაძემ უნგრეთში გამართულ პირველივე სეზონში რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.