უნგრეთში ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღებული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა
უნგრეთში ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღებული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა

უნგრეთში ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღებული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ოპოზიციური პარტიებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბუდაპეშტში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.

უნგრეთში მიღებული ახალი კანონის თანახმად, დამსაქმებელს უფლება ეძლევა, დასაქმებულს წელიწადში 400 საათი ზეგანაკვეთური მუშაობა მოსთხოვოს. აქციის ორგანიზატორები ცვლილებას „მონების კანონს“ უწოდებენ. ახალი კანონის თანახმად, დასაქმებულს ყოველდღიურ სამუშაო საათებზე შესაძლოა, ორი საათი მოემატოს ან კვირაში დამატებით, მეექვსე სამუშაო დღეს მოუწიოს მუშაობა.

ბუდაპეშტში შეკრებილმა აქტივისტებმა ქალაქის ისტორიული გმირთა მოედნიდან პარლამენტის შენობამდე ერთობლივი მსვლელობა გამართეს. მათ ხელში ბანერები ეჭირათ წარწერით „დასრულდეს რეჟიმი“.

დემონსტრაციის ორგანიზატორების განმარტებით, ზეგანაკვეთურ მუშაობასთან დაკავშირებით მიღებულ კანონთან ერთად, ქვეყანაში თითქმის ყველაფერი შესაცვლელია. მათი თქმით, 2010 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ვიქტორ ორბანი მოვიდა, ქვეყანას „ფსევდო-დემოკრატიაში“ უწევს ცხოვრება.

აღნიშნული კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციები უნგრეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში გასულ კვირებში გაიმართა.