უნგრეთში საფრანგეთის საელჩოს ერიკ ფურნიეს ნაცვლად, პასკალ ანდრეანი უხელმძღვანელებს
უნგრეთში საფრანგეთის საელჩოს ერიკ ფურნიეს ნაცვლად, პასკალ ანდრეანი უხელმძღვანელებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უნგრეთში ელჩი შეცვალა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ერიკ ფურნიეს ნაცვლად, უნგრეთში საფრანგეთის დიპლომატიურ მისიას პასკალ ანდრეანი უხელმძღვანელებს.

ერიკ ფურნიეს გაწვევის მიზეზი ორბანის საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ მისი დადებითი შეფასება გახდა.

ფრანგულ მედიაში გამოქვეყნდა კონფიდენციალური წერილი, რომელიც ერიკ ფურნიემ მაკრონის ოფისს გაუგზავნა. წერილში ფურნიე წერს, რომ უნგრეთის ხელისუფლების მიდგომა მიგრაციული საკითხისადმი სამაგალითოა, ხოლო ვიქტორ ორბანის მისამართით გამოთქმული ბრალდებები მედიის ფაბრიკაციაა.

აღნიშნული წერილი ფრანგულმა საგამოძიებო ვებგვერდმა Mediapart-მა გამოაქვეყნა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ყოფილი ელჩის მოსაზრებებს არ იზიარებს და კონფიდენციალური წერილი საფრანგეთის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს.

ერიკ ფურნიე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად უნგრეთში 2015 წელს დაინიშნა. იგი 2007-2011 წლებში საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა.