უნგრეთში, გმირთა მოედანზე ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის მხარდამჭერი „ეროვნული მარში“ გაიმართა
უნგრეთში, გმირთა მოედანზე ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის მხარდამჭერი „ეროვნული მარში“ გაიმართა

უნგრეთში, გმირთა მოედანზე ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის მხარდამჭერი „ეროვნული მარში“ გაიმართა.

პეტერ მადიარმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

„თავისუფლება ყოველი უნგრელის წინაპართაგან მიღებული უფლებაა. თავისუფლების არსებობა ხშირად არც კი შეიმჩნევა, მაგრამ მისი არარსებობა კლავს“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.

მისივე თქმით, უნგრეთი ევროპული საზოგადოების და ნატო-ს ნაწილია და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა აუცილებელია.

პეტერ მადიარის განმარტებით, „მოქალაქე არის ის, ვინც არ აძლევს ლიდერებს უფლებას, მათ უწოდონ მწერები, რომლებიც უნდა გათელონ“.

ამასთან, პეტერ მადიარმა საარჩევნო დაპირებებიც ჩამოთვალა. „ჩვენ არ ვიქნებით ქვეყანა შედეგების გარეშე“, – განაცხადა „ტისას“ ლიდერმა. პეტერ მადიარის თქმით, აკრძალავს პროპაგანდას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა მაქსიმუმ ორი ვადით იქნება შესაძლებელი და ეს სხვა თანამდებობებზეც გადაიხედება.

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრელი ხალხის ნებას 30 ვერცხლის მონეტისთვის უღალატა, რაც, მისივე თქმით, სამმაგი სირცხვილია.

ამასთან, პეტერ მადიარის განცხადებით, 12 აპრილს „ტისა“ ისეთ გამარჯვებას მოიპოვებს, რომელსაც არა მხოლოდ მთვარიდან, არამედ კრემლიდანაც დაინახავენ.

„მე, პეტერ მადიარი, ვფიცავ, ვემსახურები ყველა უნგრელს, როგორც აქ, ასევე საზღვრის მიღმა. ვფიცავ, რომ ჩემი ქვეყნის ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ისტორიული ჭრილობების შესახორცებლად“, – განაცხადა ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა.