უნგრეთში, ევროპარლამენტის არჩევნებზე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ გაიმარჯვა
უნგრეთში, ევროპარლამენტის არჩევნებზე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ გაიმარჯვა

უნგრეთში, ევროპარლამენტის არჩევნებზე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ გაიმარჯვა.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, ბიულეტენების 98%-ის დათვლის შედეგად, „ფიდესმა“ ხმების 52% მოიპოვა.

მეორე ადგილზე ხმების 16,3%-ით მემარცხენე დემოკრატიული კოალიციაა, მესამე ადგილზეა ლიბერალური პარტია, რომელსაც ამომრჩეველთა 9,7%-მა დაუჭირა მხარი.

უნგრეთის სოციალისტური პარტია მეოთხე ადგილს იკავებს. სოციალისტებმა ამომრჩეველთა 6,6%-ის მხარდაჭერის მოპოვება შეძლეს, მას მოსდევს ულტრამემარჯვენე პარტია „იობიკი“ ხმების 6,5%-ით.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, უნგრელებს სურთ, ფიდესმა ევროპაში ქრისტიანული კულტურა დაიცვას.

„არჩევნებში გამარჯვება ნიშნავს, რომ უნგრელებმა მოგვცეს ჩვენ დავალება შევაჩეროთ ევროპაში იმიგრაცია“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, ვიქტორ ორბანმა არ უპასუხა შეკითხვას, შეუერთდება თუ არა მისი პარტია იტალიის ულტრამემარჯვენე ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის ალიანსს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრობა შეუჩერეს, ამის მიზეზად ბრიუსელში უნგრეთის მთავრობის ანტიევროპული განცხადებები და კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევა დაასახელეს.