უნგრეთში ერთ-ერთ წამყვან მედიასაშუალებას, რედაქტორის გათავისუფლების შემდეგ, ჟურნალისტები ტოვებენ
უნგრეთში წამყვან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ჟურნალისტები ტოვებენ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. საუბარია ვებგვერდ „ინდექსზე“, რომლის რედაქტორიც რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს სამსახურიდან.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საბოიჩ დალმა განაცხადა, რომ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება და მის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ამას მედიასაშუალების ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, რედაქტორის გათავისუფლება მიუღებელი იყო და აუცილებელია მისი სამსახურში დაბრუნება, რაზეც თანამშრომლებმა მენეჯმენტისგან უარი მიიღეს.
საპასუხოდ ჟურნალისტებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ მათ თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. 70-ზე მეტმა თანამშრომელმა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება დაწერა.
უნგრეთში ვებგვერდ „ინდექსის“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.