უნგრეთსა და კომპანია „გაზპრომს“ შორის კონტრაქტის გაფორმების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი გამოიძახეს
უნგრეთსა და კომპანია „გაზპრომს“ შორის კონტრაქტის გაფორმების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი გამოიძახეს

უნგრეთსა და რუსულ კომპანია „გაზპრომს“ შორის გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი გამოიძახეს.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

მან აგრეთვე დაადასტურა ინფორმაცია საპასუხოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის გამოძახების შესახებ.

„შემიძლია დავადასტურო. უკრაინის საგარეო უწყება სარკისებურად იძახებს კიევში მყოფ უნგრელ ელჩს, რათა ჩვენი პრინციპული პოზიცია გამოვხატოთ – გაზის ტრანსპორტირება ჩვენი ქვეყნის გვერდის ავლით ძირს უთხრის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უნგრეთსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებული ახალი შეთანხმება მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებს“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

ოლეგ ნიკოლენკომ აქვე დაამატა, რომ უკრაინული მხარე გადამწყვეტ ზომებს მიიღებს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

27 სექტემბერს უნგრეთსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმდა გრძელვადიანი კონტრაქტი უკრაინის გვერდის ავლით უნგრეთისთვის გაზის მიწოდებაზე.