უნგრეთმა უკრაინისთვის მეორე და მესამე კლასტერები დაბლოკა, მაგრამ მოლდოვისთვის მესამე კლასტერის გახსნას დათანხმდა
უნგრეთმა უკრაინისთვის მეორე და მესამე კლასტერები დაბლოკა, მაგრამ მოლდოვისთვის მესამე კლასტერის გახსნას დათანხმდა. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.
გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის საბჭოს შეხვედრის დროს უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის მოლაპარაკების მეორე და მესამე კლასტერის გახსნის პროცესის დაწყებაზე, მაგრამ დათანხმდა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერის გახსნას, თუმცა ამ ვარიანტმა ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და გადაწყვეტილება არ მიღებულა. შედეგად, კონსენსუსის არარსებობის გამო გადაწყდა, რომ უკრაინისა და მოლდოვის მეორე და მესამე კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცების საკითხს საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე, 22 ივლისს დაუბრუნდებიან.
აღსანიშნავია, რომ 22 ივლისი ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის (COELA) ბოლო შეხვედრაა ზაფხულის არდადეგებამდე. ზაფხულის არდადეგების შემდეგ ბრიუსელში გაფართოების ექსპერტების პირველი შეხვედრა პირველ სექტემბერს არის დაგეგმილი.