უნგრეთმა კომპანია Shell-თან გაზის მიწოდების შესახებ ათწლიანი კონტრაქტი გააფორმა
უნგრეთმა კომპანია Shell-თან გაზის მიწოდების შესახებ ათწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ეს ბუნებრივი აირის წყაროების დივერსფიკაციისკენ და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისკენ უნგრეთის მიერ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, მომდევნო ათ წელიწადში Shell-ი უნგრეთს ორ მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის.
მისი თქმით, ბუნებრივ აირს უნგრეთი ჩეხეთის და გერმანიის მილსადენებით მიიღებს.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე დასავლელ მომწოდებელთან, მაგრამ ჯერ არ ვართ მზად, ეს გამოვაცხადოთ“, – განაცხადა უნგრელმა მინისტრმა.
ამასთან ერთად, სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკავშირის გეგმა, რომელიც რუსეთის ენერგორესურსების იმპორტის სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს, კვლავინდებურად წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის, რადგანაც ქვეყანას არ აქვს საკმარისი რაოდენობით მილსადენები სხვა ბაზრებიდან, რათა საჭირო რაოდენობის ენერგია მიიღოს.