უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვის გადაწყვეტილების გამო, ევროპარლამენტმა, შესაძლოა, ევროკომისიას უჩივლოს
უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვის გადაწყვეტილების გამო, ევროპარლამენტმა, შესაძლოა, ევროკომისიას უჩივლოს

ევროპარლამენტმა, შესაძლოა, ევროკომისიას უჩივლოს უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვის გადაწყვეტილების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოავრცელებს. ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ორშაბათს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ევროკომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას. შესაბამის ინიციატივას კომიტეტის 16 წევრმა დაუჭირა მხარი, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ევროპარლამენტის წევრები მიიჩნევენ, რომ ევროკომისიამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, დაეცვა გადასახადების გადამხდელთა ფული არამიზნობრივი გამოყენებისგან.

დეკემბერში ევროკომისიამ განუბლოკა ბუდაპეშტს 10,2 მილიარდი ევრო, რომელიც უნგრეთს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო ჰქონდა გაყინული. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიამ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღის ადრე მიიღო, სადაც ლიდერებს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფისა და კიევთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, რასაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა.

ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის წევრთა ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათ ურსულა ფონ დერ ლაიენი დაადანაშაულეს ორბანის შანტაჟის წინაშე დათმობაზე წასვლაში.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცე არგუმენტები, ვინაიდან ევროკომისია საკუთარ თავს ეწინააღმდეგება იმაში, სცემს თუ არა პატივს უნგრეთი კანონის უზენაესობას. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ყოველთვის იდგა სასამართლოების დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“, – განაცხადა „მწვანეთა“ პარტიის წევრმა, დანიელ ფროინდმა.

ფროინდის თქმით, კომიტეტის გადაწყვეტილების მიზანია, აჩვენოს ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ კანონის უზენაესობით ვაჭრობა ორბანთან გარიგებების სანაცვლოდ არ შეიძლება.

აღნიშნული საკითხის განსახილველად ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ხუთშაბათს შეიკრიბებიან.

ევროკომისიის წარმომადგენელი გამოცემა „პოლიტიკოსთან“ აცხადებს, რომ უნგრეთისთვის გათვალისწინებული ფონდებიდან თანხების განბლოკვის გადაწყვეტილების მიღებისას ევროკომისია მოქმედებდა მკაცრი ვადებითა და პირობების დაცვით. კომისიაში ამბობენ, რომ უნგრეთმა წარადგინა ყველა მტკიცებულება, რომელსაც კომისია ითხოვდა, რათა ეჩვენებინა მისი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.

„კომისია მიიჩნევს, რომ მოქმედებდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და დაიცავს თავის გადაწყვეტილებას სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.