უნგრეთის წარმომადგენელი - რუსეთის საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნებისადმი სოლიდარობის პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ
უნგრეთის წარმომადგენელი - რუსეთის საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნებისადმი სოლიდარობის პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ

მინსკის შეთანხმება არ სრულდება, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიები, – ამის შესახებ უნგრეთის წარმომადგენელმა ჟოლტ ნემეტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის შიგნით სერიოზული პრობლემებია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

როგორც ჟოლტ ნემეტმა აღნიშნა, მიაჩნია, რომ უნგრეთმა უნდა იმოქმედოს საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნებისადმი სოლიდარობის პრინციპის გათვალისწინებით.

ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა ლიეტუვას წარმომადგენელი ეგიდიუს ვარეიკისიც.

„კომუნისტური რეჟიმი გამომივლია და დიქტატორულ რეჟიმების პერიოდში ადამიანები ხშირად საუბრობენ იუმორისტულ ენაზე მეტაფორებით. დღეს ამ დარბაზში ბევრი საუბრობს, რომ ეს ანგარიში რუსეთის შესახებ არ არის, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ სწორედ რუსეთის შესახებ არის. ჩვენ ვერ გადავწყვეტთ პოლიტიკურ და მორალურ პრობლემებს ტექნიკური წესების ცვლილებით“, – განაცხადა ლიეტუვას წარმომადგენელმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, მოუხსნის თუ არა რუსეთს სანქციებს.  როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ასამბლეის წევრები რეგლამენტში ცვლილებების შესატანად ემზადებიან, რაც საშუალებას მისცემს რუსეთის დელეგაციას, ხმის უფლება დაიბრუნოს და უკვე იანვრიდან სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ჩაერთოს ასამბლეის მუშაობაში. დოკუმენტის მომზადებას წინ უძღოდა ხმაურიანი სკანდალები და კულუარული მოლაპარაკებები.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქართველო დელეგაციის წევრი თამარ ჩუგოშვილიც.

„არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.