უნგრეთის ვეტოს ფონზე, ლვოვში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე მინისტრები უკრაინის ევროინტეგრაციის ტექნიკური პროცესის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ
უნგრეთის ვეტოს ფონზე, ლვოვში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე მინისტრები უკრაინის ევროინტეგრაციის ტექნიკური პროცესის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დანიის ევროპის საკითხთა მინისტრმა, მარი ბიერემ განაცხადა.
„არის ერთი ქვეყანა, უნგრეთი, რომელიც ჯერ კიდევ ბლოკავს ფორმალურად გახსნას. ჩვენ ვერ შევძელით ამ ბლოკადის მოხსნა. თუმცა მივმართეთ სხვა მიდგომას, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ახლა ვაძლიერებთ მთელ ტექნიკურ სამუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პროცესი ჯერ კიდევ დაბლოკილია, უკრაინას შეუძლია, წინ წაიწიოს ტექნიკური სამუშაოთი“, – აღნიშნა ბიერემ.
დანიის ევროპის საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირში ბევრის იმედგაცრუებას იწვევს, რომ უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა შეუძლებელი გახდა. თუმცა, მისი თქმით, ახალი მიდგომა ნიშნავს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გაფართოების პროცესი არ არის გაჩერებული.
თავის მხრივ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ გუშინ უკრაინის მთავრობასთან შეათანხმა რეფორმების სამოქმედო გეგმა, რომელიც ათი პრიორიტეტისგან შედგება. ისინი ფოკუსირებულია კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ძლიერი, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაზე.
„უკრაინის მომავალი ევროკავშირში ნათელია. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ დასახეს მიმართულება. თითქმის ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ ეს თანხვედრა უნდა გაგრძელდეს, როგორც სტრუქტურირებული და პროგნოზირებადი პროცესების ნაწილი.
წევრმა სახელმწიფოებმა მოგვცეს მითითებები, თუ რომელი რეფორმის მიზნების მიღწევას ელიან უკრაინისგან პროცესის წინსვლის მიზნით. რეფორმები არის ამ პროცესის ცენტრში და ვერავინ დაადებს ვეტოს უკრაინის მიერ ამ რეფორმების შესრულებას“, – განაცხადა მარტა კოსმა.