უნგრეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კიევის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, უკრაინის ელჩისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ
უნგრეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კიევის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, უკრაინის ელჩისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი გამოიძახა. როგორც ბუდაპეშტში განმარტეს, უკრაინელ დიპლომატს ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს კიევის მხრიდან უნგრეთის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელიც ომთან დაკავშირებით ბუდაპეშტის პოზიციას ეხება.

ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გააკეთა. მისი თქმით, უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ხელისუფლების პოზიციას, რომელიც ენერგეტიკული სანქციების დაწესებისგან და უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ტრანზიტისგან თავის შეკავებას ითვალისწინებს.

„გვესმის, რომ უკრაინელებს სხვა ინტერესები ექნებათ. უკრაინელი და უნგრელი ხალხის ინტერესები უმთავრესია, მაგრამ უნდა ვთქვათ ერთი, რომ არავის აქვს უფლება, შეაფასოს უნგრელი ხალხის დემოკრატიული გადაწყვეტილება. ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების, ომში თანამონაწილეობისა და უნგრელი ხალხის ნების გამოხატვის შესახებ მწუხარების გამომხატველი განცხადებების გაკეთება მიუღებელია. უკრაინის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ შეურაცხყოფა უნგრეთის მიმართ და უნდა აღიარონ უნგრელი ხალხის ნება“, – განაცხადა სიიარტომ.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ზელენსკის ოპონენტი უწოდა. საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მოუწევს არჩევანი რუსეთსა და სხვა სამყაროს შორის.