უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს არ დავუჭერთ სანქციებს, რომელმაც შესაძლოა, უნგრეთში ენერგორესურსების მიწოდებას საფრთხე შეუქმნას
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს არ დავუჭერთ სანქციებს, რომელმაც შესაძლოა, უნგრეთში ენერგორესურსების მიწოდებას საფრთხე შეუქმნას

უნგრეთი არ დაუჭერს მხარს სანქციებს, რომელმაც შესაძლოა, უნგრეთში ენერგორესურსების მიწოდებას საფრთხე შეუქმნას. როგორც უნგრული მედია წერს, ამის შესახებ ბრიუსელში გამართული საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ განაცხადა.

„ჩვენ უკრაინაში ომის საფრთხის ახალ განზომილებაში შევედით, რისთვისაც გვჭირდება უფრო მკაცრი და მკაფიო ნაბიჯები უნგრეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში“, – ციტირებს უნგრული გამოცემა „უნგრეთი დღეს“ მინისტრის განცხადებას.

პეტერ სიარტოს თქმით, რუსეთის ენერგომატარებლების წინააღმდეგ ევროკავშირის შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმება დიდი ალბათობით არ იქნება მიღწეული.

უნგრელი დიპლომატის თქმით, ევროკავშირში რუსულ ენერგომატარებლებზე სანქციების დაწესების იდეას მკაფიოდ უჭერს მხარს ქვეყნების გარკვეული ჯგუფი. ამასთან, ევროკავშირის დანარჩენი წევრები ნაკლებად აქტიურად, თუმცა მხარს უჭერენ ამ ინიციატივას. თუმცა რამდენიმე წევრი სახელმწიფო, მათ შორის უნგრეთი, ენერგომატარებლების წინააღმდეგ სანქციებს „წითელ ხაზად“ განიხილავს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ევროპელ კოლეგებს, არ წარადგინონ ინიციატივები რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ, ვინაიდან მისი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება ევროპის ერთიანობას არ გამოიწვევს.

„ზოგიერთი ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ ენერგომატარებლებზე. ჩვენ ამას გასართობად არ ვაკეთებთ. ენერგორესურსების მიწოდება არ არის ფილოსოფიური ან იდეოლოგიური საკითხი, ეს არის ფიზიკური, მათემატიკური საკითხი“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.