უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი - უნგრეთის ახალი მთავრობა მკვეთრად შეცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, რომელიც შანტაჟზე იყო დაფუძნებული
უნგრეთის ახალი მთავრობა მკვეთრად შეცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, რომელიც შანტაჟზე იყო დაფუძნებული, – ამის შესახებ უნგრეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, უნგრეთი აღარ გამოიყენებს ვეტოს უფლებას შანტაჟის ინსტრუმენტად.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი ძალიან ხშირად ხდებოდა ევროპული გადაწყვეტილებების მიღებისთვის დაბრკოლება, თუმცა ახალი მთავრობის პირობებში ქვეყანა სანდო პარტნიორი იქნება.
„ვეტო აღარ იქნება პოლიტიკური თეატრისა და კამპანიის იარაღი, როგორც ეს ბოლო 16 წლის განმავლობაში ხდებოდა“, – განაცხადა ანიტა ორბანმა.
ანიტა ორბანმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში უნგრეთმა ევროპის ნდობის დაკარგვისთვის დიდი საფასური გადაიხადა. მისივე თქმით, ახალი მთავრობის მიზანია ნდობის აღდგენა, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, გამჭვირვალობის გაზრდა და ანტიკორუფციული ზომების გატარება.
„ევროკავშირი არ ითხოვს არაფერს, რაც უნგრელებისთვის საზიანოა – ვინც ამას ამტკიცებს, უბრალოდ ტყუის“, – განაცხადა ორბანმა.