უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე საჭიროა, სპეციალურად მორგებული გადაწყვეტილებები მივიღოთ და საერთო მიდგომაზე უარი უნდა ვთქვათ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე საჭიროა, სპეციალურად მორგებული გადაწყვეტილებები მივიღოთ და საერთო მიდგომაზე უარი უნდა ვთქვათ

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე საჭიროა, სპეციალურად მორგებული გადაწყვეტილებები მივიღოთ და საერთო მიდგომაზე უარი უნდა ვთქვათ, – ამის შესახებ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“ განაცხადა.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე გაფართოებას ევროკავშირის შიგნითვე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

„ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. როდესაც საუბარია ბალკანეთზე, ისმის განცხადებები, რომ იქ აქტიური არიან რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ყატარი. გვაქვს კითხვა, რატომ არ ვართ ჩვენ იქ უფრო მეტად აქტიურები და რატომ გვჭირდება ამდენი დრო გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგალითად, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებით. არის გამოწვევები, როგორიცაა ბრექსიტი, მიგრაცია, ტერორისტული საფრთხეები და ამ გამოწვევებს ყურადღება გადააქვთ ისეთი სტრატეგიული ამოცანებიდან, როგორიც გაფართოებაა. ჩვენ უფრო ახალი წევრები ვართ და შესაბამისად, უფრო მგრძნობიარე ვართ გაფართოების მიმართ. გვსურს ევროკავშირის გაფართოება და ეს შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მოხდეს. საჭიროა ვისაუბროთ, რა მიმართულებით მივდივართ სამომავლოდ, სადაც იქნება უფრო ძლიერი ბრიუსელი, თუ უფრო ძლიერი წევრი ქვეყნები“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.