უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც მედია წერს, აქცია მოაწყო ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, პიტერ მაგიარმა, რომელსაც ორბანის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ.

პიტერ მაგიარმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ახლა სჭირდება სრულიად ახალი სისტემა, რომელშიც სოციალური მხარდაჭერა სოციალურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

„12 200 უნგრული ფორინტი არის საოჯახო შემწეობა ერთშვილიანი ოჯახისთვის თვეში, რაც წარმოადგენს 30 ევროს. თუ ამ ამბავს ევროპაში სადმე მოყვებით, არავინ დაიჯერებს. სად არის 40 მილიარდი ფორინტი, რომელიც შემოვიდა კავშირიდან და რომლითაც შეიძლებოდა ამ ლამაზი ქვეყნის აღდგენა? ევროკავშირის ამ სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა არის კერძო ინვესტიციების ფონდებში, იახტებში, ციხესიმაგრეებში, სასტუმროებში, ბორდოს ღვინის ქარხნებში, საოფისე შენობებში ბელგრადში ან ოფშორულ ანგარიშებში“, – აღნიშნა პიტერ მაგიარმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკის უმეტეს ნაწილს ოჯახების დახმარებაზე უნგრეთი ხარჯავს.