უნგრეთის პრეზიდენტი – ტერიტორიების ძალადობრივი მიტაცება დავების გადაწყვეტის საყოველთაოდ მიღებულ გზად თუ იქცევა, პატარა ქვეყნებს საკუთარ მომავალზე დაფიქრების საფუძველი ექნება

15:24, 25.09.2026

უკრაინა დღეს საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ზუსტად ისე, როგორც უნგრელები 1956 წელს, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ანტიკომუნისტური აჯანყების დროს, – ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა, ანდრაშ ბაკამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

ანდრაშ ბაკას განცხადებით, 1956 წელს ბევრმა ქვეყანამ გაუღო კარი იმ უნგრელებს, რომლებსაც ქვეყნიდან გაქცევა მოუწია.

მისივე თქმით, ახლა უკრაინაა მსგავს მდგომარეობაში.

„უკრაინა დღეს საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. უნგრეთი გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიულ ომს, რომელიც გაერო-ს წესდებასა და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩვენ ვიცავთ უკრაინის უფლებას თავდაცვაზე, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში, ასევე მისი ხალხის უფლებას, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. თავისუფლება, რომლისთვისაც უნგრელები 1956 წელს იბრძოდნენ, სწორედ ის თავისუფლებაა, რომლის დაცვაც დღეს უკრაინელებისთვისაც უნდა შევძლოთ“, – განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უნგრეთს ომის დასრულება დიპლომატიით სურს, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემაა საჭირო.

„ტერიტორიების ძალადობრივი მიტაცება დავების გადაწყვეტის საყოველთაოდ მიღებულ გზად თუ იქცევა, ყველა პატარა ქვეყანას საკუთარ მომავალზე დაფიქრების საფუძველი ექნება,“ – აღნიშნა ბაკამ.

მსგავსი