უნგრეთის პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უნგრეთი არ დააკავებს ვლადიმერ პუტინს, თუ ის ამ ქვეყანაში ჩავა
უნგრეთის პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უნგრეთი არ დააკავებს ვლადიმერ პუტინს, თუ ის ამ ქვეყანაში ჩავა

უნგრეთი არ დააკავებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თუ ის ამ ქვეყანაში ჩავა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგეი გულიაშმა განაცხადა. ორბანის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთს ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

ბრიფინგზე დასმულ შეკითხვაზე, დააკავებენ თუ არა პუტინს, თუკი ის უნგრეთში ჩავა, ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ რომის სტატუტი არ არის ინტეგრირებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში.

„ჩვენ შეგვიძლია, დავეყრდნოთ უნგრეთის კანონმდებლობას და ამის საფუძველზე ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტის დაკავება“, – განაცხადა გულიაშმა. ამასთან, მან დასძინა, რომ უნგრეთის მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით.

„ეს გადაწყვეტილებები ყველაზე ხელსაყრელი არ არის, რადგან მათ უფრო მეტ ესკალაციამდე მივყავართ და არა მშვიდობისკენ, ეს არის ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება“, – განაცხადა ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.