უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - უკრაინაში ომის დასასრულებლად ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმა ევროკავშირის ყველა ლიდერის მაგიდაზეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასასრულებლად ევროკავშირის ყველა ლიდერის მაგიდაზეა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაჟ ორბანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, გეგმა ეფუძნება სიტუაციის რეალისტურ შეფასებას, რეალისტურ მიზნებსა და შესაბამის გრაფიკს.
„პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებს წერილობით გააცნო მოლაპარაკებების გამოცდილება, სამშვიდობო მისიის პირველი ეტაპი და უნგრეთის წინადადებები. თუ ევროპას სურს მშვიდობა და სურს, გადამწყვეტი სიტყვა თქვას ომის დარეგულირებასა და სისხლისღვრის დასრულებაში, მაშინ კურსის შეცვლა ახლავე უნდა დამუშავდეს და განხორციელდეს. თუ ევროკავშირი ახლა არ იმოქმედებს, შეიძლება, მოგვიანებით ვერ იმოქმედოს. საერთაშორისო პოლიტიკაში არის რამდენიმე აქტორი, რომლებთანაც ღირს მოლაპარაკება და წახალისება ერთობლივი მოქმედებისკენ. ასე რომ, ჯერ კიდევ გვაქვს მოგზაურობები და მოლაპარაკებები. ძალიან დაძაბული პერიოდის შუაში ვართ”, – განაცხადა ბალაჟ ორბანმა.