უნგრეთის პრემიერ-მინისტრი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მმართველი პარტია „ფიდესის“ გასვლას არ გამორიცხავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მმართველი პარტია „ფიდესის“ გასვლას არ გამორიცხავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტის უმსხვილესი პარტია „ევროპის სახალხო პარტიიდან“ გასვლას არ გამორიცხავს. პრემიერის თქმით, „ევროპის სახალხო პარტიიდან“ უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესის“ გასვლის ალბათობა 50%-ს შეადგენს.

12 სექტემბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უნგრეთის წინააღმდეგ სასანქციო პროცედურის დაწყებას. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის 448-მა წევრმა დაუჭირა მხარი, მათგან 115 „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატი იყო.

ევროკავშირი ბუდაპეშტს კანონის უზენაესობაზე თავდასხმაში სდებს ბრალს. ბუდაპეშტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, თუმცა მეშვიდე მუხლის ამოქმედების წინააღმდეგია პოლონეთი.

უნგრეთის მთავრობა, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მიგრანტების მხარდამჭერი პოლიტიკოსების მხრიდან შურისძიებად აფასებს.

ევროკავშირის უკმაყოფილება უკავშირდება უნგრეთის ხელისუფლების მიერ ივნისში მიღებულ კანონს, სახელწოდებით „შეაჩერე სოროსი”. ახალი კანონი არალეგალი მიგრანტების დახმარების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითვალისწინებს.