უნგრეთის პოლიციამ ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელის, ფერენც ბიროს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა
უნგრეთის პოლიციამ ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელის, ფერენც ბიროს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამართალდამცავები იმ უწყების ოფისებში მივიდნენ, რომელიც ევროკავშირის ფონდებიდან მიღებული დაფინანსების ხარჯვას ზედამხედველობს.
მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ სააგენტოს უფროსი ფერენც ბირო ეჭვმიტანილია კორუფციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. პოლიციამ ასევე ჩხრეკა ჩაატარა ბიროს სახლში და წაიღო დოკუმენტები. ბრალდება უკავშირდება საბიუჯეტო ხარჯზე ძვირადღირებული ავტომობილის დაქირავებას და ბიროს პირად მფლობელობაში არსებული სახლის რემონტს.
თავად ბირომ აღიარა, რომ „სამსახურებრივი მანქანა მეუღლეს ათხოვა საყიდლებზე წასასვლელად“, თუმცა უარყოფს კორუფციაში მონაწილეობის შესახებ ბრალდებებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„ბიბისის“ ცნობით, ფერენც ბირო და მისი მეუღლე მმართველი პარტიის, „ფიდესის“ შიდა წრის წევრები არიან.
ანტიკორუფციული უწყება „კეთილსინდისიერების სააგენტო“, რომელსაც ბირო ხელმძღვანელობს, 2023 წლის დასაწყისში შეიქმნა ევროკომისიისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ევროკავშირის სახსრები სწორად იხარჯებოდა და მოწმდებოდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბიროს მიმართ ბრალდებების წაყენებას წინ უძღოდა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კაბინეტში მთავრობის კომუნიკაციებისა და საიდუმლო სამსახურების მინისტრის, ანტალ როგანის სასანქციო სიაში შეყვანა, როგორც „კორუფციული სისტემის მთავარი არქიტექტორის, განმახორციელებლისა და ბენეფიციარის“. ეს ნაბიჯი მთავრობამ მწვავედ გააკრიტიკა და უნგრეთში აშშ-ის ელჩის, დევიდ პრესმანის „პირადი შურისძიება“ უწოდა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ 31 დეკემბერს უნგრეთს შეუზღუდა წვდომა ერთი მილიარდი ევროს დაფინანსებასთან, ვიდრე ბუდაპეშტი ბრიუსელის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს. ამ ფონზე უნგრული ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ხოლო ინფლაციამ 4.6%-ს მიაღწია.