უნგრეთის პარლამენტმა ანტიიმიგრაციული კანონპროექტის განხილვა დაიწყო
უნგრეთის პარლამენტმა ანტიიმიგრაციული კანონპროექტის განხილვა დაიწყო

უნგრეთის პარლამენტმა ანტიიმიგრაციული კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ქვეყნის ნაციონალისტური მთავრობის მიერ არის ინიცირებული.

ახალი კანონმდებლობით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება ენიჭება, აკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც მხარს უჭერენ მიგრაციას და „საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას“.

მთავრობის განცხადებით, ახალი კანონით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობენ, უცხოურ დაფინანსებებზე 25%-იანი გადასახადი დაეკისრებათ.

უნგრეთში მოქმედი ორგანიზაციების აქტივისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა დახმარება დანაშაული არ არის და ახალი კანონის სამიზნე მათი საქმიანობა არ უნდა იყოს.

კანონპროექტი იმ ანტიიმიგრაციული მოძრაობის ნაწილია, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და რომელიც წარმოშობით უნგრელი ფილანტროპის ჯორჯ სოროსის საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„მას სურს, მიგრაცია ყველგან მისაღები იყოს, თუმცა ეს არ გამოვა. ჩვენ მარტოები არ ვართ და ვიბრძოლებთ სოროსის გეგმის შესაჩერებლად, რომელიც მან ბრიუსელსა და გაერო-ში წარადგინა. ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, თუ საკმარისი მოკავშირეები გვეყოლება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.