უნგრეთის პარლამენტის სპიკერი - რუსეთის ინტერესების სფეროდან უკრაინის გამოყვანის მცდელობით დასავლეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა
უნგრეთის პარლამენტის სპიკერი - რუსეთის ინტერესების სფეროდან უკრაინის გამოყვანის მცდელობით დასავლეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა

რუსეთის ინტერესების სფეროდან უკრაინის გამოყვანის მცდელობით დასავლეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა, ლასლო კევერმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის იმპერიული საზღვრებიდან უკან დახევა დასავლეთისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და დასავლეთი რუსეთის შიდა ტერიტორიებს მიუახლოვდა.

„ვფიქრობ, დასავლეთმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, როდესაც ცდილობდა არა მხოლოდ უკრაინის რუსეთის ინტერესების სფეროდან გაყვანას, არამედ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დიდ სამხედრო ბაზად გადაქცევას. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იგრძნო, რომ ეს ის მომენტი იყო, როცა უკან ვეღარ დაიხევდნენ. ასე რომ, რუსეთმა დაიწყო ომი, მაგრამ რუსეთიც და უკრაინაც, სამწუხაროდ, ჩაითრიეს ამ ომში იმ ინტერესების საფუძველზე, რაც რუსეთის და უკრაინის ნათელ მომავალს არ უზრუნველყოფს“, – თქვა ლასლო კევერმა.

უნგრეთის პარლამენტის სპიკერის თქმით, ვერც საერთაშორისო სამართალი და ვერც ადამიანური მორალური წესები ვერ გაათავისუფლებს რუსეთს აგრესიის ბრალდებისგან და ვინც პირველი ისვრის, პასუხისმგებლობაც სწორედ მასზეა. ლასლო კევერმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციების რეჟიმმა უფრო მეტად ევროპა დააზარალა, ვიდრე რუსეთი.