უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტიზას“ ლიდერს, პეტერ მადიარს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს
უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტიზას“ ლიდერ პეტერ მადიარს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მადიარმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
მადიარი ამ ინციდენტს კლასიკურ კომპრომატად მიიჩნევს, რომელიც მისი შანტაჟისა და დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. პოლიტიკოსმა ვიდეოს გავრცელება ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესთან“ დაახლოებულ პირებს დაუკავშირა.
როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, ვიდეო 2024 წლის აგვისტოს თვეშია გადაღებული.
მედიის ცნობით, „ტიზას“ ღონისძიების შემდეგ მადიარი მისმა ყოფილმა პარტნიორმა წვეულებაზე დაპატიჟა. წვეულება ერთ-ერთ სახლში იმართებოდა და, როგორც მედია იუწყება, ვიდეოკადრებში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებებიც ჩანს. მადიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არანაირი საეჭვო ნივთიერება არ მიუღია. როგორც მადიარი აცხადებს, მასსა და მის ყოფილ პარტნიორს შორის ურთიერთობის ამსახველი კადრები ჩუმად იყო გადაღებული.
როგორც მადიარი ამბობს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მიზანი ფსიქოლოგიური ზეწოლა და გადამწყვეტი არჩევნების წინ მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობაა.