უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსეთს ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

17:22, 07.03.2026

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა რუსეთი ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

როგორც მადიარი სოციალურ ქსელში წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იანოშ კადარის შემდეგ ვიქტორ ორბანი უნგრეთის მთავრობის პირველი მეთაურია, რომელმაც რუსები უნგრეთში მიიწვია.

„ჩვენ მოვითხოვთ უნგრეთის არჩევნებში უცხოური ჩარევის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. რამდენიმე წყაროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები რამდენიმე კვირის წინ ბუდაპეშტში ჩავიდნენ უნგრეთის არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით. იგივე გააკეთეს მოლდოვაშიც“, – განაცხადა მადიარმა.

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც კოლაფსის პირას მყოფი მთავრობა ცდილობს უნგრეთის არჩევნებზე გარე ჩარევით თავის სასარგებლოდ გავლენის მოხდენას“.

„მოვუწოდებ ვიქტორ ორბანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები და გააძევოს რუსი საიდუმლო აგენტები“, – წერს მადიარი.

მისი თქმით, უნგრეთს სჭირდება ლიდერობა, რომელიც ქვეყანას არ დააყენებს რაიმე საფრთხის წინაშე, „იქნება ეს პუტინის თუ ზელენსკის მხრიდან“.

„უნგრეთის ინტერესებშია დარჩეს სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორი, რომელსაც მისი მოკავშირეები სანდოდ მიიჩნევენ“, – განაცხადა მადიარმა.

მსგავსი