უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა პარტიის მობილურ აპლიკაციზე კიბერშეტევაში უკრაინის მონაწილეობა უარყო
უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა პარტიის მობილურ აპლიკაციზე კიბერშეტევაში უკრაინის მონაწილეობა უარყო

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მაგიარმა უარყო უკრაინის მონაწილეობა პარტიის მობილურ აპლიკაციზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.

„უნგრეთში ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ უკრაინელები უკრაინაში, სადაც ომი მიმდინარეობს, აპლიკაციას ქმნიან და შემდეგ საკუთარ აპლიკაციას ჰაკავენ? ამ თავდასხმების სქემა აბსოლუტურად ნათელია, არა მხოლოდ ჩვენს აპლიკაციასთან მიმართებით, არამედ ჩვენს IT სისტემასთან მიმართებით, რომელიც თითქმის ერთი წელია, მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, რომელთა უმეტესობაც ჩვენ მოვიგერიეთ“,-განაცხადა მაგიარმა.

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შექმნის კიბერუსაფრთხოების სამინისტროს, „რომელიც გააძლიერებს უნგრეთის კიბერუსაფრთხოებას“.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ მობილურ აპლიკაციაზე განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიების ბრძანება გასცა და არ გამორიცხა, რომ მონაცემების დამუშავებაში უკრაინული კვალიც არსებობდეს.

ცნობისთვის, უნგრულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერნეტში „ტისასთან“ დაკავშირებული მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც დაახლოებით 200 ათასი ადამიანის სახელებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს და სხვა ინფორმაციებს მოიცავდა.