პეტერ მადიარი მოუწოდებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, არ შეეცადოს, ვიქტორ ორბანთან მიაღწიოს შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთში უნგრელი სამხედროების გაგზავნის შესახებ
უნგრეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე ქვეყნის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ ჩაერიონ ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთის საარჩევნო პროცესში ჩარევის უფლება არცერთ ქვეყანას არ აქვს.
ამავე მიმართვაში მადიარმა ახსენა უკრაინა და რუსეთიც.
„დაჟინებით მოვუწოდებ საერთაშორისო პოლიტიკის მონაწილეებს, უკრაინიდან სერბეთამდე, რუსეთიდან ამერიკამდე, არ შეეცადოთ, ჩაერიოთ უნგრეთის არჩევნებში. ჩვენ არ ვართ ექსპერიმენტების პოლიგონი, უნგრეთი არ არის გეოპოლიტიკური თამაშების არენა, ეს ჩვენი სამშობლოა, რომლის ბედსაც უნგრეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ“, – განაცხადა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა.
ამასთან, პარტია „ტისას“ ლიდერმა მოუწოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, არ შეეცადოს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეთანხმებას მიაღწიოს ახლო აღმოსავლეთში უნგრელი სამხედროების გაგზავნის შესახებ.
„პატივისცემით ვთხოვ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც უნგრეთში ჩამოდის – ის უკვე თუ ატარებს აგიტაციას ორბანის მხარდასაჭერად, მაშინ უნგრელმა ხალხმა ამის საფასური არ უნდა გადაიხადოს. რაზეც არ უნდა მოილაპარაკონ დღეს ან რა სახის შეთანხმებაც არ უნდა ჰქონოდათ მანამდე, „ტისას“ მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბდება 12 აპრილის არჩევნების შემდეგ, არ დაუშვებს, რომ უნგრელი სამხედროები ირანში გააგზავნონ. ასევე არ გავაგზავნით სამხედროებს არც ჩადში და არც რომელიმე სხვა კონფლიქტში“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა. ვენსმა ბუდაპეშტში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „მოუთმენლად ველოდები ჩემს კარგ მეგობართან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას“.