უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვიქტორ ორბანი მმართველობის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას განიხილავს
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვიქტორ ორბანი მმართველობის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას განიხილავს

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრი ორბანი განიხილავს მმართველობის საპრეზიდენტო სისტემის წარდგენას. ამის შესახებ ზოლტან კოვაჩმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.

„მოდით, ნათლად ვთქვათ: ამ იდეის გამუდმებით წამოწევა სხვა არაფერია, თუ არა მემარცხენეების მიერ ყალბი ამბების გავრცელების ჩვეულებრივი რუტინა. ვფიქრობ, ნამდვილი ჟურნალისტიკის კეთება სათაურების გამოგონებაზე უფრო რთულია“, – წერს კოვაჩი.

მანამდე სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორბანი 2026 წლის აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ განიხილავს საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის ვარიანტს. როგორც მედიასაშუალებასთან ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, ორბანი განიხილავს, თუ როგორ შეინარჩუნოს უნგრეთზე კონტროლი არჩევნების შედეგის მიუხედავად. „ბლუმბერგი“ წერდა, რომ ორბანი განიხილავს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების და კანონმდებლობის შეცვლის იდეას, რათა პრეზიდენტის პოსტი უნგრეთის ყველაზე გავლენიან თანამდებობად იქცეს.

1990 წლიდან უნგრეთი საპარლამენტო დემოკრატიაა და პრეზიდენტის როლი ქვეყანაში ძირითადად ცერემონიალური ხასიათისაა. ვიქტორ ორბანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს.

საპრეზიდენტო სისტემაზე გადასასვლელად საჭირო იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, რასაც პარლამენტში ორი მესამედი ხმა სჭირდება. ვიქტორ ორბანის პარტიას ასეთი უმრავლესობა აქვს.

მედიის ცნობით, მმართველ პარტიის მთავარი მეტოქე დაგეგმილ არჩევნებზე ოპოზიციური პარტია „ტისაა“, რომელიც ბოლო გამოკითხვების უმრავლესობაში ორბანის „ფიდესს“ უსწრებს.