უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი - კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო ევროკავშირი და ნატო რეალურად გახდნენ უკრაინის ომის მხარეები
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი - კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო ევროკავშირი და ნატო რეალურად გახდნენ უკრაინის ომის მხარეები

კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო ევროკავშირი და ნატო რეალურად გახდნენ უკრაინის ომის მხარეები, – ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, სათაურით „ევროკავშირი და ნატო უკრაინის ომის დე ფაქტო მხარეები გახდნენ“.

სტატიაში მას მაგალითად მოჰყავს უნგრეთის მთავრობასთან დაახლოებული Századvég Institute-ის კვლევის შედეგები, რომელიც ამტკიცებს, რომ სამხედრო აღჭურვილობის დაფინანსება ევროკავშირის მიერ „აქცევს მას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დე ფაქტო მხარედ, რაც მიუთითებს, რომ ევროკავშირმა დაარღვია თავისი მორალური პრინციპები“.

კოვაჩი ასევე არასწორად მიიჩნევს ევროპის ფონდიდან უკრაინაში იარაღის გადაცემის დაფინანსებას და აცხადებს, რომ ეს ძირს უთხრის ევროპის პოზიციას, მის ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

„ეს საშინლად მოგვაგონებს გამონათქვამს, რომ ისტორია მეორდება, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი მსოფლიო არ მიიჩნევს იარაღს კონფლიქტების გადაწყვეტად, ევროპა, რომელიც ოდესღაც მსოფლიო ომების საწყისი წერტილი იყო, კვლავ აგროვებს სასიკვდილო იარაღს“, – წერს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი.

სტატიაში ასევე საუბარია, რომ ევროკავშირი ომის ზღვარზეა და, სხვა ქვეყნების მსგავსად, სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უნგრეთი მშვიდობას.