უნგრეთის მმართველმა პარტიამ საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
უნგრეთის მმართველმა პარტიამ, „ტისამ“ საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.
მედიის ცნობით, ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რამდენადაც კრიტიკოსები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ საზოგადოებრივ მედიას ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მთავრობის ერთგვარ რუპორად მოიხსენიებდნენ.
„როიტერი“ წერს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ტისას“ ასევე შესაძლებლობას აძლევს, გააუქმოს წინა ხელისუფლების დროინდელი რეფორმები, რომლებიც, კრიტიკოსების თქმით, ზიანს აყენებს დემოკრატიას.
„როიტერის“ ცნობით, საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტის მნიშვნელოვან დეტალებს შორისაა: 1. რეფორმის მთავარი მიზანი – დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი მაუწყებლობის აღდგენა; 2. MTVA-ს – ამჟამად საზოგადოებრივი მედიის მმართველი ჰოლდინგის რესტრუქტურიზაცია, მისი დაყოფა რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობის პასუხისმგებელ კომპანიად და MTI-ს აღდგენა „დამოუკიდებელ ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოდ“; 3. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მედიის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობის დაცვაზე, მის საქმიანობასა და ფინანსებზე ზედამხედველობაზე და მისი ხელმძღვანელობის შერჩევაში მონაწილეობაზე. კომიტეტი იმუშავებს პარიტეტული პრინციპით, თანაბარი წარმომადგენლობით როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე დამოუკიდებელი მედიასექტორის წარმომადგენლებისთვის; 4. საზოგადოებრივი მედიის საბჭო მონიტორინგს გაუწევს საჯარო სამსახურის პრინციპებს საჯარო სამსახურის წესდების საფუძველზე; 5. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედიის საბჭოს, ეროვნული მედიისა და ინფორმაციულ-კომუნიკაციური ორგანოს რეფორმირებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი შემადგენლობის უფრო დაბალანსება და გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ უფრო მკაცრი წესების შემოღებით; 6. რეფორმების შედეგად შეწყდება საზოგადოებრივი მედიის ამჟამინდელი ლიდერების მანდატი, საზოგადოებრივ მედიას დროებით კულტურის მინისტრი ზოლტან ტარი უხელმძღვანელებს, ვიდრე საზოგადოებრივი მედიის ახალი ლიდერები შეირჩევიან ღია განაცხადების მიღების პროცესით.