უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი LGBTQ+ თემების პრაიდის მარშის აკრძალვის შესახებ
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი LGBTQ+ თემების პრაიდის მარშის აკრძალვის შესახებ.
ინიციატივა პრაიდის მარშის ორგანიზატორებისა და ამ ღონისძიებაში მონაწილე პირებისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვიქტორ ორბანის პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს. წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს შესწორებების შეტანას შეკრების თავისუფლების კანონში. შესწორების თანახმად, იკრძალება ისეთი შეკრება, რომელიც არღვევს ბავშვთა დაცვის კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.
ბუდაპეშტის პრაიდის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიება ბავშვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და შეკრების თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ისინი აცხადებენ, რომ წელს ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას მაინც აპირებენ.
უნგრეთის დედაქალაქის ლიბერალმა მერმა, გერგელი კარაჩონიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ მიმდინარე წელს მსვლელობა ჩატარდება და შესაძლოა, უფრო მასშტაბურიც კი იყოს.