უნგრეთის მმართველმა პარტიამ გადადო პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით
უნგრეთის მმართველმა პარტიამ გადადო პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

უნგრეთის მმართველმა პარტიამ გადადო ივნისის შუა რიცხვებში პარლამენტში დაგეგმილი დებატები და კენჭისყრა უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ფიდესის“ საპარლამენტო ჯგუფი ერთიანია იმ მოსაზრებაში, რომ სუვერენიტეტის დასაცავად საჭიროა სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება, თუმცა მიმდინარეობს დებატები იმაზე, რა ინსტრუმენტები უნდა იყოს ეს“, – განუცხადა ადგილობრივ მედიას პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, მატე კოჩიშმა.

მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში კანონპროექტთან დაკავშირებით იმდენად ბევრი წინადადება იყო წარდგენილი, რომ საჭირო გახდა დებატების პარლამენტის შემოდგომის სესიამდე გადადება.

„ამ საკითხზე გადაწყვეტილება ზაფხულამდე არ იქნება მიღებული. პარლამენტი ამ საკითხს კენჭს არ უყრის“, – აღნიშნა კოჩიშმა.

კანონპროექტის წინააღმდეგ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიამ, „ფიდესმა“ 14 მაისს წარუდგინა პარლამენტს. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ორგანიზაციების სიის შედგენას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და მათ შეზღუდვას ან დახურვას იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ ისინი უნგრეთის სუვერენიტეტსა და კულტურას საფრთხეს უქმნიან.

კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკეს უნგრეთის მედიასაშუალებებმა, ანალიტიკურმა ცენტრებმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა. გაიმართა დემონსტრაციები, ხოლო გასულ თვეში წამყვანი ევროპული საინფორმაციო სააგენტოების ათობით რედაქტორმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც მთავრობას კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდეს.

დღეს გამოქვეყნებულ წერილში კი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მოუწოდა უნგრეთის პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს ან ცვლილებები შეიტანონ მასში.