უნგრეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირონ
უნგრეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირონ

უნგრეთის მმართველი პარტია მზად არის, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ ნათქვამია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ განცხადებაში.

როგორც ფრაქციის ლიდერის, მატე კოჩიშის განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტში კენჭისყრა ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებისთვის 27 მარტს გაიმართება და „ფიდესის“ ფრაქცია ერთხმად დაუჭერს მხარს ფინეთის წევრობას.

რაც შეეხება შვედეთის ნატო-ში მიღებას, პარტიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული.

მანამდე, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა თურქეთის პარლამენტს მიმართა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის რატიფიცირება მოახდინოს. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რატიფიკაციის პროცესი 14 მაისს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე დასრულდება.

უნგრეთი და თურქეთი ნატო-ს უკანასკნელი წევრები არიან, რომლებსაც შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადი რატიფიცირებული არ აქვთ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ანკარაში თურქეთისა და უნგრეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.