უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას შეუძლია, ერთ წელიწადში რუსულ გაზზე სრულად თქვას უარი

15:17, 18.09.2026

უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრის, ისტვან კაპიტანის თქმით, ქვეყანას შეუძლია, ერთ წელიწადში შეასრულოს ევროკავშირის რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნები და სრულად უარი თქვას რუსულ გაზზე.

„სიტუაცია თუ ისე განვითარდება, როგორც ამჟამად ჩანს, 2027 წლის ოქტომბრისთვის უნგრეთის გაზმომარაგება სხვა წყაროებიდან იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

კაპიტანის განცხადებით, უნგრეთს საკმარისი გაზსადენური კავშირები აქვს, რათა გაზი სხვა წყაროებიდან კონკურენტულ ფასად მიიღოს.

მედიის ცნობით, უნგრეთის მთავრობა ასევე განიხილავს ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის გაფართოების პროექტს, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს. ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს მომწოდებლებთან, რათა ნედლი ნავთობის მიწოდების წყაროები დივერსიფიცირდეს და რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს.

მინისტრის განცხადებით, პროექტი, რომელიც ვადებს წლებით ჩამორჩება, ახლა გადახედვის პროცესშია და წლის ბოლომდე გადაწყდება, არის თუ არა საერთოდ საჭირო 2000-მეგავატიანი ელექტროსადგურის გაფართოება. მისი თქმით, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა შესაძლოა, შესაძლებელი გახადოს მოქმედი ოთხი ბირთვული ბლოკის ექსპლუატაციის ვადის დამატებით 20 წლით გახანგრძლივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მოქმედების ვადა 2032 წელს იწურება.

„გადახედვის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მას წლის ბოლომდე დავასრულებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა უნგრეთს ენერგეტიკულ სისტემაში დამატებითი ბირთვული ბლოკები“, – განაცხადა უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

მსგავსი