უნგრეთის დედაქალაქში ზეგანაკვეთური შრომის საათების დამატება გააპროტესტეს
უნგრეთის დედაქალაქში ზეგანაკვეთური შრომის საათების დამატება გააპროტესტეს

უნგრეთის დედაქალაქში ზეგანაკვეთური შრომის საათების დამატება გააპროტესტეს. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამსახურის ხელმძღვანელს შეუძლია, დასაქმებული წლის განმავლობაში 400 საათი ამუშაოს დამატებით. უნგრეთში ამჟამინდელი წლიური ლიმიტი 250 საათია.

ბუდაპეშტში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს „მონური კანონი“ უწოდეს. ცვლილებები კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება დასაქმებულებს სამ წლამდე გადაუვადოს.

უნგრეთის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია კიდევ ერთმა კანონმა, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული სასამართლოები შეიქმნა იუსტიციის მინისტრის ზედამხედველობით. კრიტიკოსების მტკიცებით, ახალი კანონი სასამართლო საქმეებში პოლიტიკურ ჩარევას გამოიწვევს და კანონის უზენაესობას საფრთხეს შეუქმნის.

პარალელურად, უნგრეთის მთავრობამ სუბსიდირებული სესხის ახალი პროგრამა წარადგინა, რომელიც სულ მცირე ორბავშვიან ოჯახებს მეორადი სახლების და ავტომობილების შეძენის შესაძლებლობას აძლევს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გააუქმა საშემოსავლო გადასახადები იმ ქალებისთვის, რომლებიც სულ მცირე ოთხ ბავშვს ზრდიან.