უნგრეთიდან სამშობლოში საქართველოს 24 მოქალაქე, მათ შორის 18 სტუდენტი დაბრუნდა
უნგრეთიდან სამშობლოში საქართველოს 24 მოქალაქე, მათ შორის 18 სტუდენტი დაბრუნდა

უნგრეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, 10 აპრილს, საქართველოს 24 მოქალაქე, მათ შორის 18 სტუდენტი, ბუდაპეშტიდან მინსკის გავლით გაემგზავრა ერევანში, სადაც მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და ორგანიზებულად დააბრუნეს სამშობლოში.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ ამ რეისის მგზავრებს შორის იყო საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო და ვერ ტოვებდნენ უნგრეთს. სამი კვირის განმავლობაში საქართველოს საელჩომ  უზრუნველყო აღნიშნული მოქალაქეების ცხოვრების, კვების და შემდგომ სამშობლოში მათი გამგზავრების ხარჯები.

დღეის მდგომარეობით, უნგრეთში იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე, მათ საელჩო უწევს მზრუნველობას და უახლოეს დღეებში ასევე იგეგმება მათი სამშობლოში დაბრუნება“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულმა და საელჩოს წარმომადგენლებმა ბელარუსში მყოფი ქართული ოჯახი ორი ახალშობილი ბავშვით, რომლებიც პანდემიის გამო რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდნენ, პირველადი საჭიროების ნივთებით (მედიკამენტები, საკვები) უზრუნველყვეს. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ოჯახის საქართველოში დაბრუნების გზების ძიებაზე.

„საყურადღებოა, რომ ბელარუსში საელჩოს ხელშეწყობით, 20 და 21 მარტს, ავიაკომპანია „ბელავიამ“ განახორციელა ორი რეისი მინსკი-თბილისის და ერთი რეისი მინსკი-ბათუმის მიმართულებით, რომელთა მეშვეობით საქართველოს ასობით მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. ასევე, საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისების მეშვეობით, საქართველოში ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდა 220-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს რამდენიმე ათასი მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.