უნგრელი ოპოზიციონერი დეპუტატი კატალინ ჩეხი აშშ-ში დემოკრატებს დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო ქმედებების ორგანიზებისკენ მოუწოდებს
უნგრელი ოპოზიციონერი დეპუტატი კატალინ ჩეხი აშშ-ში დემოკრატებს ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო ქმედებების ორგანიზებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, კატალინ ჩეხმა მოუწოდა აშშ-ში დემოკრატიული პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, სერიოზულად მიუდგნენ 2026 წლის შუალედური არჩევნებს და ხელი შეუშალონ ტრამპის ავტოკრატიულ მმართველობის გაფართოებას.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დემოკრატებმა უნდა გაითვალისწინონ უნგრეთის მაგალითი და არ მისცენ უფლება ტრამპს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მსგავსად, გაამყაროს ავტორიტარული მმართველობა.
„დემოკრატიული უკუსვლა უნგრეთში ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერავინ გაიაზრა, თუ რამდენად ცუდადაა საქმე, ამიტომ მნიშვნელოვანია ამას დასაწყისშივე მიაქციოთ ყურადღება და მოახდინოთ მობილიზება“, – განაცხადა კატალინ ჩეხმა.
კატალინ ჩეხის თქმით, აშშ-ში ამომრჩევლებმა უნდა შეწყვიტონ ფიქრი, რომ მათ ქვეყანას იმუნიტეტი აქვს და უნგრეთის მსგავსი მოვლენები აშშ-ში ვერ განვითარდება.
„გადით ყველა პროტესტზე, დადექით ყველა საპროტესტო მარშზე, დადექით მათთან ერთად, ვისაც თავს ესხმიან“, – განაცხადა უნგრელმა დეპუტატმა.
კატალინ ჩეხი მოუწოდებს დემოკრატიულ პარტიას, მოძებნოს ახალი კანდიდატები, რადგანაც ამომრჩეველი ძველ სახეებს აღარ ენდობა.
„ავტოკრატები მმართველობაში მოიკოჭლებენ. კომუნალური გადასახადები, ჯანდაცვის სფეროს კრიზისი, განათლება. თუ თქვენ ამ სფეროებზე გააკეთებთ აქცენტს და არ ისაუბრებთ მხოლოდ სასამართლოებში მიმდინარე მოვლენების ტექნიკურ დეტალებზე, მაშინ ხალხი უფრო მეტად გამოგყვებათ“, – განაცხადა კატალინ ჩეხმა.