უმედლო დღე ბაჰამებზე | ძიუდო - მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი [ვიდეო]
21:28, 18.10.2018
ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, დღეს ორმა ქართველმა იასპარეზა და ტურნირს ორივე მათგანი საწყის ეტაპზე გამოეთშა.
ვაჟთა შორის 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე – ბაგრატ ნინიაშვილი, შეჯიბრში პირველივე წრიდან ჩაერთო და ბრაზილიელ – ვილიან ლიმას დაუპირისპირდა. ორთაბრძოლის დასაწყისში ნინიაშვილმა შიდო მიიღო, ქულების აღება კი ძირითად დროში ვერცერთმა სპორტსმენმა ვერ შეძლო. დამატებითი დროის 52 წამზე კი ქართველმა ძიუდოისტმა, მეტოქეს ვაზარი აუღო და მეორე წრეში გავიდა.
მერვედფინალში ნინიაშვილს, მეტოქედ იაპონელი – იუჯი აიდა ერგო. ბაგრატი ამ შეხვედრაში ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე, გდება რომელიც მსაჯებმა იპონით შეაფასეს, უკვე იაპონელმა შეასრულა და მედლებისთვის ბრძოლაც მან გააგრძელა.
დღესვე გოგონათ შორის 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე – ეთერ ლიპარტელიანი გავიდა, რომელიც პირველივე წრეში დამარცხდა. მისი მეტოქე ხორვატი – ტიეა ტოპოლევიჩი იყო. საბოლოოდ ხორვატმა გამარჯვება შეხვედრის დასრულებამდე 53 წამით ადრე შესრულებული – მეორე ვაზარის შედეგად მოიპოვა.
ხვალ ტურნირში კიდევ ოთხი ქართველი ჩაერთვება. გოგონათა შორის 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში – მარიამ ჭანტრურია იასპარეზებს, რომელიც პირველ წრეში აშშ-ის ნაკრების წევრს – იულია სიმონიანს შეხვდება. რაც შეეხება ვაჟებს, აქ საქართველოს ღირსებას – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ.) და ლაშა ბექაური დაიცავენ (-90 კგ). ბექაური პირველი წრიდან ერთვება და შეჯიბრს კანადელ – ბენჯამინ კენდრიკთან დაპირისპირებით იწყებს. რაც შეეხება 81 კილოგრამ წონით კატეგორიას, აქ პირელ წრეში, ორივე ქართველი ისვენებს, მეორეში კი გრიგალაშვილი ჰოლანდიელ – კოენ ვან ვინდენს, ხოლო მაისურაძე, მექსიკელ – ტინტოს შეხვდება.
შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე ერთი მედალი უკვე აქვს. ლაშა გუჯეჯიანის გუნდიდან, ბრინჯაოს მედლის მოპოვება – ჯაბა პაპინაშვილმა შეძლო.