უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ზაფხულში სამხრეთ აფრიკას, არგენტინას და ურუგვაის დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ზაფხულში სამხრეთ აფრიკას, არგენტინას და ურუგვაის დაუპირისპირდებიან #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ოცწლამდელთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად ითამაშებს. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, მათი U20 გუნდი ივნისში არგენტინას, საქართველოს და ურუგვაის მიიღებს. მატჩებს ქალაქ სტელენბოშში მდებარე „მარკოტერ სთედიუმი“ უმასპინძლებს.

საქართველოს ტურნირში ჩართვა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგან ასაკობრივი გუნდის გარდა, სამხრეთ აფრიკაში „ბორჯღალოსნებიც“ გაემგზავრებიან, რომლებიც ივლისში „ქურციკების“ წინააღმდეგ ორჯერ ითამაშებენ.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 18 ივნისს არგენტინელ თანატოლებს შეხვდებიან, 23 ივნისს კი ურუგვაის და ტურნირის ჯგუფურ ეტაპს 28 ივნისს, მასპინძლებთან მატჩით დაასრულებენ. გუნდები გამარჯვებისთვის ოთხ ქულას მიიღებენ, ფრეს შემთხვევაში, ორ ქულას, ხოლო ბონუსს ოთხი ლელოს დადების, ან შვიდი და ნაკლები ქულით წაგების შემთხვევაში დაიმსახურებენ.

სამ ივლისს ტურნირის ფინალური მატჩი ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასულებს შორის გაიმართება. დარჩენილი ორი გუნდი კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

18 ივნისი

საქართველო – არგენტინა

სამხრეთ აფრიკა – ურუგვაი

23 ივნისი 

ურუგვაი – საქართველო

სამხრეთ აფრიკა – არგენტინა

28 ივნისი

სამხრეთ აფრიკა – საქართველო

ურუგვაი – არგენტინა

3 ივლისი

გუნდი 3 – გუნდი 4

გუნდი 1 – გუნდი 2