უმაღლესი რადას წევრებმა კიევის მერი 14 ოქტომბერს პარლამენტში დაიბარეს, კლიჩკო კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურებას ცდილობს
უმაღლესი რადას წევრებმა კიევის მერი ვიტალი კლიჩკო 14 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე დაიბარეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ინიციატივით პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთი დეპუტატი – მარიანა ბეზუგლა გამოვიდა. მის წინადადებას მხარი 151-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო რვა.
„ხედავთ, რა ხდება დედაქალაქში. ჩვენ კლიჩკოსგან ერთი ხმაც არ გაგვიგია. ეს საკითხი კი არც პოლიტიკურ პარტიებსა და არც პოლიტიკურ ძალებს არ ეხებათ“, – განაცხადა მარიანა ბეზუგლამ.
ვიტალი კლიჩკოს თქმით კი, ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურებას ცდილობს და ამისთვის გამოგონილ მიზეზებს იყენებენ.
„ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებული რესურსები გათბობის სეზონის სავარაუდო შეფერხების შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ“, – განაცხადა კიევის მერმა.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსული თავდასხმების გააქტიურების გამო კიევი გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში აღმოჩნდა. მან დედაქალაქის მცხოვრებლებს ქალაქგარეთ მეგობრებთან ან ნათესავებთან დროებით გადასვლაზე დაფიქრება ურჩია.
9 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დედაქალაქის ხელისუფლებამ თითქმის ვერ შეძლო ენერგეტიკული ინფრასტრუქუტურის დასაცავად საჭირო ზომების გატარება.