უმაღლეს სასწავლებელში საფოსტო საქმიანობას შეასწავლიან 
უმაღლეს სასწავლებელში საფოსტო საქმიანობას შეასწავლიან 

უმაღლეს სასწავლებელში საფოსტო საქმიანობის შესწავლა იქნება შესაძლებელი – შესაბამისი მემორანდუმი ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ხვალ გაფორმდება. მემორანდუმი ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის საფოსტო საქმიანობის შესწავლას ითვალისწინებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „საქართველოს ფოსტა“ სხვადასხვა საგანმანათლებლო პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას.

„საფოსტო საქმიანობის სწავლების განახლება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დარგის განვითარებაზე საქართველოში, შესაბამისად ქვეყანაში გვეყოლება სპეციალიზებული კადრები, რომლებიც დღეისთვის საკმაოდ დეფიციტურია. საფოსტო საქმიანობა ამჟამად საქართველოს არცერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება, თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე საფოსტო ბიზნესი ერთ-ერთი მოწინავე დარგია“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.