უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის დამატებითი დრო მიეცემათ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის დამატებითი დრო მიეცემათ

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდით, ან უკვე გაუვიდათ, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის დამატებითი დრო მიეცემათ.

შესაბამისი ცვლილებები – „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი, გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე არიან.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნულ სასწავლებლებს ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის ვადა 2020 წლის პირველ იანვრამდე ექნებათ.

„ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში მიიღება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს მაინც არ აკმაყოფილებს. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, დაწესებულება საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს ვერ მოიპოვებს ან კარგავს, ხოლო სტუდენტებს ხუთი წლის განმავლობაში სტუდენტის სტატუსი უჩერდებათ და უფლებამოსილი არიან, მობილობის უფლებით ისარგებლონ.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ექვსწლიანი ვადა 2018-2019 წლებში გასდით, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა არ მიეცათ, შესაბამისად, დღის წესრიგში მათთვის ავტორიზაციისთვის გონივრული ვადის მიცემის საკითხი დადგა“, – აღნიშნულია კანონპროექტში.