ულტრამემარჯვენეებმა უნგრეთში ფრიდა კალოს გამოფენა კომუნიზმის პროპაგანდად შეაფასეს
ულტრამემარჯვენეებმა უნგრეთში ფრიდა კალოს გამოფენა კომუნიზმის პროპაგანდად შეაფასეს

უნგრეთის პროსამთავრობო, ულტრამემარჯვენე გამოცემა Magyar Idők-მა ბუდაპეშტის ეროვნულ გალერეაში მექსიკელი სიურრეალისტი მხატვრის, ფრიდა კალოს ნახატების გამოფენა კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდად შეაფასა.

„მექსიკელი კომუნისტი მხატვრის გამოფენა კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელებაა, რისთვისაც გალერეა სახელმწიფო ფულს იყენებს.“ – წერია Magyar Idők-ის სტატიაში.

ამ სტატიას ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან ბუდაპეშტში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მე-20 საუკუნის მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალო, რომელიც მხატვრობაში სიურრეალიზმისა და მაგიური რეალიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება, 1927 წლიდან მექსიკის კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

ფრიდა კალო მე-20 საუკუნის მხატვრობის ერთ-ერთ საკულტო ფიგურადაა აღიარებული, ვის შესახებაც არაერთი ბიოგრაფიული წიგნი დაიწერა და ფილმი გადაიღეს. ამერიკელმა ისტორიკოსმა ელისაბედ ბეიქუელმა ფრიდა კალოს ნახატებისადმი სიყვარულს ტერმინი „ფრიდამანია“ უწოდა.